სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავეს

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები დააკავეს.

სულ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შვიდი პირია  პასუხისგებაში მიცემული. დაკავებულთაგან ერთი მცხეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი,  ხოლო ერთი ყოფილი თანამშრომელია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დაარეგისტრირეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 50 000 ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი 4 700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ასევე, გაყალბებული დოკუმენტების მეშვეობით შეეცადნენ საჯარო რეესტრში, რეგისტრაციაში გატარებას ხსენებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული 4 690 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთისა, რომლის ღირებულება 53 000 ლარს შეადგენს.

დღეისათვის, მიწის ნაკვეთი დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“-აღნიშნულია საგამოზიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.