“დიდი ორომტრიალი იქნება და აქედანვე მოემზადე” – ოთო კახიძე თეა წულუკიანს პასუხობს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პასუხობს.

“თეა წულუკიანს სტატუსი მოუძღვნია ჩემთვის – გენერალურ პროკურორად რომ თვითმარქვია იურისტი დანიშნეს, ეს ამბავი გავახსენე და როგორც ჩანს, ტკენია

ქ-ნო თეა, საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი იურისტად არ ითვლებოდი, მაგრამ ითაღლითე და გენერალური პროკურორი გახდი.

სანამ კანონს მოირგებდი, მახსოვს, როგორ ამაყობდი აგვისტოს ომის გმირი გენერლის დაკავებით, სამაგიეროდ – ჩატაევი ციხიდან გამოუშვი და შენი საყვარელი თემის, ცოცხების შემოქმედი სადისტი ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლე.

მართალია, ტყუილები “თქვენი გუნდის ხელწერა არ არის”, მაგრამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი, უტიფარო

თან ყველაზე იშვიათი, მე-18 მუხლი წააგე. მერე გამწარებულმა გაასაჩივრე და ევროსასამართლოს დიდ პალატას ატყუებდი, გამოვიძიეთ და არ დადასტურდა ციხიდან გაყვანაო, მაგრამ მეორედაც მწარე მარცხი იგემე.

(ისე, თუ მოიგე, რაღას ასაჩივრებდი )

ამ საქმეზე მოახერხე და კიდევ ორი ტყუილი თქვი ერთ წინადადებაში:

1. “ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო” – ეს სასამართლოს არ უთქვამს, მატყუარავ :დ აღნიშნული არც დაადასტურა და არც უარყო, ხოლო მე-18 მუხლის დარღვევა ციხიდან გაყვანის და ზეწოლის ფაქტით დაადგინა;

2. პატიმრობა კანონიერი იყოო, არც ეგ უთქვამს, სექტემბრის წინასასამართლო სხდომიდან მოყოლებული, ეგეც უკანონო გამოგიცხადა, ამიტომ წააგე კონვენციის 5.3 მუხლი, ცრუპენტელავ. 😀

კიდევ არ გცოდნია, რომ ცივილიზებული იურიდიული ფირმები საათობრივ ბილინგს აკეთებენ, როგორ უნდა დაგეზაროს ეგ, როცა შესაბამისი პროგრამა ავტომატურად ითვლის ნამუშევარ დროს, უვიცო

ლუზერობაზე გამახსენდა – ჩამოთვლა მეზარება და ტაბულას აქვს თავმოყრილი შენი ყველა მარცხი, კომენტარად დაგილინკავ და გადაავლე-ხოლმე თვალი, რომ არ დაგავიწყდეს.

ვანო მერაბიშვილის საქმეს რაც შეეხება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ითხოვს და აუცილებლად მოუწევს შემდგომ ხელისუფლებას მისი გაყვანის გამოძიება, რასაც ზემოდან დაემატება თქვენი მხრიდან ამ საქმის ჩაფარცხვა, ვიდეო მტკიცებულებების განადგურება, ცრუ ჩვენებების აღება და ა.შ.

მოკლედ, დიდი ორომტრიალი იქნება და აქედანვე მოემზადე

იურისტები დაგჭირდება, ოღონდ შენნაირი თვითმარქვია თაღლითები არა, ნამდვილი იურისტები. არა მგონია, გიშველონ, მაგრამ მაინც” – წერს ოთო კახიძე სოციალურ ქსელში.