დიღმის მასივის 4–ე კვარტალში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. შვიდივე დაშავებული სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. ერთი მათგანის –21 წლის მამაკაცის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა. მან აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო და დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულებს შორის არის 7 თვის ბავშვიც, თუმცა მისი მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა.
აფეთქება დღეს დიღმის მასივში ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე 12:20 საათზე მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მესამე სართულის ყველა ბინა დაანგრია, დაზიანდა ბინები სხვა სართულებზეც. წინასწარი ინფორმაციით აფეთქება ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეზობლები ამბობენ, რომ ამ ეს ბინა ქირავდებოდა და აფეთქების მომენტისთვის ის დაკეტილი იყო. მოსახლეობა ამბობს, რომ აფეთქებამდე მათ გაზის სუნი იგრძნეს და ყაზტრანსგაზში დარეკეს, თუმცა ადგილზე არავინ მისულა.
ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ მეხანძრე–მაშველები და კრიმინალისტები. კორპუსიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. უახლოეს მომავალში ტერიტორიის გაწმენდა დაწყება, რის შემდეგაც ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.