დილიდან ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მარნეულის მოსახლეობას ამოწმებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ეთერ ლაფერაძის თქმით, დღეს დილის 9 საათიდან ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მარნეულის მოსახლეობას ინტენსიურად ამოწმებენ.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დღეიდან მარნეულში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

,,დილის 9 საათიდან მობილური ჯგუფები, ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები გავიდნენ მოსახლეობაში და ინტენსიურად მიმდინარეობს მოქალაქეების შემოწმება. გუშინ კორონავირისით ინფიცირებულ ქალთან უშუალო კონტაქტში მყოფი პირები გადამოწმდნენ და მათგან მხოლოდ ერთს ჰქონდა მცირე ტემპერატურა, ის თვითიზოლაციაში რჩება და მედიკოსების მხრიდან ინტენსიური მონიტორინგის ქვეშ იქნება.

რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაობს, აქამდეც ტარდებოდა მარნეულში, მაგრამ დღეიდან უფრო მასშტაბური სამუშაოები დაიწყება. ჩვენ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერად ვრეაგირებთ. იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გაითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ამ ვითარებაში ვაძლევთ მათ“, – განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი კარანტინში არიან მოქცეულები. მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა თავდაცვის სამინისტროს მიერ მკაცრად კონტროლდება.