დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ინფორმაციას სააგენტო ტასი ავრცელებს.

მედვედევის შეფასებით ზურაბიშვილის განცხადებები არაპროფესიონალურია და საქართველოს პრეზიდენტი ან საქმის კურსში არ არის, ან ვითარებას ამახინჯებს.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ზურაბიშვილისგან ანტირუსული   რიტორიკის მოსმენა სამწუხაროა და მსგავსი ანტირუსული განწყობების გაღვივების შემთხვევაში, მოსკოვი ტურისტებს მისცემს შესაბამის რეკომენდაციას, რაც საქართველოზე ცუდად  აისახება.

მედვედევის პასუხი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას მოჰყვა.  მისი განცხადებით, საქართველოში არეულობა რუსეთის საუკუნოვანი გეგმაა.

“ნათელია მათი მიზანი, ვისაც სურს მხოლოდ ესკალაცია და ვის გეგმაშიც შედის დესტაბილიზაცია. მათი მიზანია, ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით განახორციელონ რუსეთის საუკუნოვანი გეგმა – გახლიჩოს ქართული საზოგადოება, დაასუსტოს, დაამონოს სახელმწიფო და შეარყიოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთავარი საფუძველი.

მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ დარტყმას აყენებს თითოეულ ჩვენგანს, მთელ სახელმწიფოს და აძლიერებს მტერს. მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ყველას მოგვეთხოვება ძალიან დიდი სიფრთხილე.”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღესვე რია ნოვოსტიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსეთის დუმის დეპუტატმა მიხაილ დეგტიარევმა რუსებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ ქართულ კურორტებსა და პროდუქტს.