ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და სიძულვილის ენა – ას არის 2018 წლის არჩევნების დროს გამოვლენილი პრობლემები, რომლებზეც ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საუბრობს. მისი განცხადებით, საარჩევნო პროცესში ასევე პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დისბალანსი, უარყოფითი კამპანია და მედიის მარეგულირებლის როლი.კრისტიან ურსე მოუწოდებს ოპოზიციისა და ხელისუფლებას პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოიყენონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს გამოიყენოს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო და საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს. კარლ ჰარცელის განცხადებით, ამ პროცესს პარლამენტი უნდა გაუძღვეს და მასში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს. მისი განცხადებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებული პრობლემების გადაწყვეტაში ხელისუფლებამ ოპოზიცია, მედია და სამოქალაქო საზოგადოებაც ჩაერთოს.
„ის ფაქტი, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი გერტ ჰაინრიხ არენსი ჩამოვიდა, იმის უმნიშვნელოვანესი სიგნალია, რომ ვუბრუნდებით იმ თემატიკას, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ იყო ეუთო-ს ანგარიშში. მე მგონი ეს სწორედ ის პერიოდია, როცა უნდა დავიწყოთ ყველა იმ რეკომენდაციაზე ფიქრი და მსჯელობა, რომელიც მოხსენიებულია ანგარიშში და ერთობლივად შევიმუშავოთ მთელი ის გეგმა, რომლის შესრულებაც შემდეგი 10-12 თვის განმავლობში შეგვეძლება. შემდეგ უკვე ვიქნებით არჩევნების წინაშე და ამიტომ, მანამდე მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავწიოთ. ბუნებრივია, აუცილებელია ყველას ჩართულობა. წამყვანი როლი ექნება ხელისუფლებას, პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციასაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ ამ პროცესში. ვფიქრობ, დრო ცოტაა და დღევანდელი შეხვედრა არის ამ პროცესის, რეკომენდაციების გააზრების დასაწყისი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის და იმედია, ნაყოფიერად დავიწყებთ მსჯელობას. რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ანგარიშში ნათლადაა ყველა მათგანი ასახული. ელემენტები, რაც უმთავრესია, პირველ რიგში არის კომისიის დაკომპლექტების წესი, ასევე მნიშვნელოვანია დაფინანსების თემატიკა ზოგადად”,- განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში იყო ბევრი ისეთი პრობლემა და ისეთი საკითხები, რომელიც ქვეყნის წარმატებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.უილსონის განცხადებით, იმისათვის რომ საქართველოში დემოკრატიის კულტურა გაძლიერდეს, აუცილებელია, საარჩევნო პროცესში გამოკვეთილ დარღვევებსა და პრობლემებზე ერთობლივი მსჯელობა შედგეს.
“განვიხილავთ საქართველოს გამოცდილებას არჩევნებზე და იმ ნაბიჯებზე, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, რომ გააუმჯობესოს არჩევნების ჩატარების პროცესი და გააძლიეროს დემოკრატია. საქართველოში ამ კუთხით ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დიდი პროგრესია, თუმცა, სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშში მითითებულია გარკვეულ პრობლემებსა და ხარვეზებზე, რისი გადაჭრაც მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. ზუსტად ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელ კონფერენციაზე. მე მივესალმები პარლამენტარების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ჯგუფების ჩართულობას ამ განხილვაში“, – განაცხადა უილსონმა.