,,ქართული ოცნების” წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, ქვეყანაში დიქტატურა არ არის, რადგან დიქტატურის პირობებში, ციხეში ლოცვა-კურთხეით და ტელევიზიის პირდაპირ ეთერით არ მიჰყვათ მსჯავრდებული.
,,არის ლაპარაკი, რომ ეს დიქტატურაა – დიქტატურის დროს ასეთი რამეები ხდება? ასე ამგზავრებენ ხოლმე, მთელი ლოცვა-კურთხევით და იმით და ამდენი ტელევიზია პირდაპირი ჩართვებით. სად არის ასე? გაქრება კაცი და მერე აღმოჩნდება სხვაგან”,- ამბობს დეპუტატი.
მისივე თქმით, უგულავა ,,თავხედურობამდე” აქტიური იყო, რის გამოც მისი დაკავება უსიამოვნოა, რადგან გაჩნდება საბაბი, რომ მისი აქტიურობის გამო დააკავეს.
,,ადამიანის დაკავება არ არის სასიამოვნო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურად აქტიურია და თავხედურობამდე აქტიურია. მერე საბაბი შეიძლება გაჩნდეს, რომ, აი, ამიტომ, მისი აქტიურობის გამო მოხდა დაკავება; რომ ჩამოცილება მოხდა ამ პროცესიდან, თორემ ის იზამდა, რასაც იზამდა ანდა სხვებისთვის ეს იყოს დამაშინებელი, რომ სასამართლო იარაღად არ უნდა ვაქციოთ. ამის საბაბი რომ ჩნდება, ეს არის, რა თქმა უნდა, თავისთავად, უსიამოვნო”,- განაცხადა ქანთარიამ ,,პალიტრანიუსის” ეთერში.
გიგი უგულავას 10 თებერვალს დამატებით 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ოპოზიციამ ეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნია და ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. უგულავას დაჭერას კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-სა და ბრიტანეთის საელჩოების, ისე კონგრესმენების, სენატორებისა და ევროპარლამენტარების მხრიდან.