დირსის კომპლექსი აფეთქებას გადაურჩა

თბილისი კიდევ ერთ ტრაგედიას გადაურჩა . დიდი დიღმის მსგავსი აფეთქების გამეორების საფრთხის წინაშე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კომპლექს დირსის მოსახლეობა აღმოჩნდა.საცხოვრებელი კომპლექსის ერთ–ერთ სადარბაზოში ბუნებრივი აირის სუნი ადგილობრივებმა მაცხოვრებლებმა შენიშნეს და ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები გამოიძახეს.

ადგილზე მისულმა ჯგუფმა გაზის გაჟონვა დააფიქსირა. როგორც გაირკვა, გაზი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში რამდენიმე დღის განმავლობაში ჟონავდა. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდა. გაზის გაჟონვა სავარაუდოდ არასწორად დამონტაჟებულ მილს უკავშირდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ახალ კორპუსებში გაზის დამონტაჟებას მხოლოდ აკრედიტირებული კომპანიის წარმომადგენელი შეძლებს. ძველ კორპუსებთან მიმართებაში კი აუცილებელია კონტროლის გამკაცრება.