დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრას ვაშინგტონი ისტორიულს უწოდებს

{{ARTICLEIMAGE}}

სამიტის პირველი დღე

დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ვიეტნამში გამართული მეორე სამიტის პირველი დღის ბოლოს, ტრამპმა განაცხადა რომ ის უკან არ დაიხევს კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების დაპირებიდან. ჟურნალისტის კითხვაზე: გამოაცხადებენ თუ არა ისინი კორეის ომის დასასრულს, რომელმაც 1953 წლიდან აქტიურ შეიარაღებას ჩაუყარა საფუძველი, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ“.

ლიდერები სადილამდე, ცოტა ხნით ჰანოის მეტროპოლის სასტუმროს შეხვედრების დარბაზში განმარტოვდნენ. მათთან ერთად მხოლოდ თარჯიმანები იმყოფებოდნენ. „ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ და ვფიქრობ, ყველაზე დიდი პროგრესი ჩვენი ურთიერთობებია, რაც მართლაც კარგია“ – უთხრა ჟურნალისტებს ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს შეხვედრაც ისეთივე მნიშვნელოვანი, ან კიდევ უფრო კარგი იქნება.
ეკონომიკური პოტენციალი

დონალდ ტრამპმა ვიეტნამელთა გულითად მასპინძლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეას წარმოუდგენლად დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. „მოუთმენლად ველოდები თვალყური ვადევნო ამ ფაქტს და დავეხმარო განხორციელებაში“ – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლებიდან, სადილზე პრეზიდენტს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თეთრი სახლის აპარატის უფროსი მიკ ლავენი ახლდნენ. მრგვალ მაგიდას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან კიმ ჩენ უნთან ერთად უსხდნენ კიმ იონგ ჩოლი, მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი რი იანგ ჰო. „საინტერესო დიალოგი გვექნება“ – თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.
„ჩვენი ურთიერთობა ძალიან განსაკუთრებულია“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა ოფიციალური სადილის დაწყებამდე. ცოტა ხნის შემდეგ კი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კიმ ჩენ უნთან „დიდებული შეხვედრები და სადილი“ ჰქონდა.

ხუთშაბათის შეხვედრები

ხვალ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ინტენსიური დისკუსია იგეგმება. ტრამპმა აღნიშნა რომ ჩრდ. კორეის ლიდერთან პრესკონფერენციას მოაწყობს და მოლაპარაკების შედეგებზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ.
თეთრი სახლის კორესპონდენტებს ვიეტნამში უამრავი შეზღუდვა აქვთ დაწესებული. ვარაუდობენ რომ ფხენიანის რეგულაციების გამო. სამიტამდე ერთი დღით ადრე ჰანოიში აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს რომ ისინი, იმ სასტუმროს პრესცენტრიდან, სადაც კიმ ჩენ უნია გაჩერებული,გაძევებულები არიან.

მედიის წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ ვიეტნამის მთავრობის მიერ მოწყობილ საერთაშორისო მედიის ცენტრში გადასულიყვნენ სადაც 3 ათასზე მეტი ჟურნალისტი იყრის თავს. სადილის წინ კი გადაღებაზე მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტი და ტელეარხ „სი-ბი-ესის“ ჯგუფი დაუშვეს.

დიდი მოლოდინია აშშ-ში მეორე სამიტისადმი, ვაშინგტონი ამ შეხვედრას ისტორიულს უწოდებს. საკმაოდ დიდი ზეწოლაა ტრამპზე რომ უფრო მეტ შედეგს მიაღწიოს ვიდრე სინგაპურის შეხვედრის შემდეგ, კიმ ჩენ უნისგან მიღებული გაურკვეველი დაპირება – სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ბირთვული იარაღის განვითარება შეეჩერებინა.

ჩრდ.კორეის დაპირებებზე ბირთვული განიარაღების შესახებ ამერიკული დაზვერვა სკეპტიკურად უყურებს. არაერთი საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავს რომ ჩრდ. კორეაში ბირთვული აქტივობა ჯერ კიდევ შეინიშნება. თუმცა ტრამპი აცხადებს რომ მოლაპარაკებების შემდეგ ფხენიანს ბალისტიკური რაკეტები აღარ გამოუცდია, რაც ასევე სერიოზული მიღწევაა.

გასულ თვეში დაზვერვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა დენ ქოუთსმა ჯინა ჰასპელმა, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორმა, თქვეს რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე სარაკეტო გამოცდების შეწყვეტის და ამერიკასთან მოლაპარაკების გაგრძელების სურვილის მიუხედავად, ფხენიანი ბირთვული ამბიციების დათმობას არ აპირებს. მათივე აზრით ქვეყნის ლიდერი „ბირთვულ იარაღს რეჟიმის გადარჩენისთვის კრიტიკულად“ თვლის. ჩრდილოეთ კორეის „რეჟიმი ერთგულია გრძელი რადიუსის ბირთვული რაკეტის შექმნის პროცესის, რაც შეერთებული შტატებისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველია“ – აცხადებს ჯინა ჰასპელი.

წყარო:https://www.amerikiskhma.com/a/us-nokor-hanoi-first-day-of-summit/4806606.html?fbclid=IwAR0_YX8WfE8Z1YClCgVn-8Fm8ED9LkUfXkyw-04tNu46J06IM8KgFt20RJo