დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა. ევროპელა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად, წერია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, დონალდ ტუსკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უცვლელ მხარდაჭერას.

ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ეწვევა და ეს ვიზიტი ივლისში შედგება. კერძოდ, ევროპელი სტუმარი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” – ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება”.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა: “მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიქნები ხშირი სტუმარი ბრიუსელში. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თანახმა ხართ, დაესწროთ კონფერენციას ბათუმში. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლობა და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის”.