ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი გავლენიან ამერიკულ გამოცემა “ვაშინგტონ პოსტში“ სტატიას აქვეყნებს სათაურით: „ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?”
“20 ივლისს ათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში რათა საქართველოს პარლამენტში რუსი კანონმდებლის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას დაპირისპირებოდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის შელახვის მოსკოვისეული პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. ახალგაზრდა ადამიანები და სამოქალაქო აქტივისტები ევროკავშირის, ნატოს და ამერიკის დროშებით რუსეთის მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაციას და ქვეყნის დემოკრატიის ხელყოფის მცდელობებს გმობდნენ. მე რამდენიმე კოლეგასთან ერთად ვაპროტესტებდი პარლამენტის შიგნით გავრილოვის გამოჩენას. შემდეგ რაც მოხდა, გამაოგნებელი იყო.
საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ კრემლის სტილში იმოქმედა. სპეცრაზმმა ხალხი ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა. პოლიცია დამიზნებით ესროდა პროტესტანტებს სახეში. თინეიჯერმა გოგონამ და ჟურნალისტმა თვალები დაკარგეს. 200ზე მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, ათეულობით ადამიანი დააკავეს. სისასტიკემ საპასუხო რეაქცია გამოიწვია. სამი კვირაა პროტესტი ყოველდღიურად გრძელდება შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, რომელმაც ძალადობრივი ანგარიშსწორების ბრძანება გასცა.
თუმცა ფუნდამენტური პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე გავრილოვი ან გახარია. მართალია პუტინი არ მალავს თავის იმპერიულ ამბიციებს, მაგრამ საქართველოს დასავლური მომავლისთვის მთავარი საფრთხე შემდეგია: საქართველოს ხელისუფლებამ კრემლის ტაქტიკის შიდა მოხმარებისთვის ადაპტირება მოახდინა.
2012 წლიდან მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ კონტროლი დაამყარა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე. მისი ჩრდილოვანი დამფინანსებელი ოლიგარქი ბიძინა ივაშვილი, რომლის ქონება საქართველოს მშპ–ს მესამედს შეადგენს, პუტინის მართვის სისტემის კოპირებას ახდენს. მაგრამ ქვეყანაში, რომელიც ასჯერ მცირეა რუსეთზე, შედეგი უფრო სახელმწიფოს მიტაცებას გავს.
მმართველი პარტია პოპულარობის დაკარგვის პარალელურად ძალაუფლებას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. გასული წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უკუსვლის ნიმუში იყო. მეორე ტურში მმართველმა პარტიამ ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას მიმართა. ისევე როგორც პუტინის რუსეთში, საქართველოს მმართველმა პარტიამ გააძლიერა თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე.
გავრილოვის ვიზიტმა აჩვენა, რომ ქართული ოცნება ცდილობს ქართველთა უმრავლესობის რეალური ოცნების დანგრევას, როგორიც არის დემოკრატიული ქვეყანა, დაფუძნებული კანონის უზენაესობაზე, სადაც ევროპული ფასეულობები დომინირებს.“– წერს სამადაშვილი და სტატიაში აქცენტს აკეთებს ხელისუფლების მიერ ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაზე, საბჭოური სტილის პროპაგანდაზე და რუსთავი2–ზე შეტევაზე.
“თუ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს დემოკრატიის განადგურებაში, ეს იქნება პუტინის გამარჯვება და საქართველოს ტრაგედია. უფრო მეტიც, ეს იქნება დანაკარგი რეგიონში ამერიკული და ევროპული ინტერესებისთვის. ქართველი ხალხი ისევ და ისევ ირჩევს დასავლეთს, ახლა დასავლეთმა უნდა აირჩიოს საქართველო. დროა ივანიშვილს შეახსენონ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, მასთან ერთად ან მის გარეშე,”- წერია სტატიაში.
სამადაშვილი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორს მოუწოდებს ნათელი მესიჯი გააგზავნონ, რომ ივანიშვილმა პირობა შეასრულოს და ჩაატაროს სრულად პროპორციული არჩევნები, შეწყვიტოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკა და საჯაროდ აღიაროს, რომ მზადაა, დათმოს ძალაუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით, როგორც ეს 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
“პროტესტის ზაფხული საქართველოში გარდამტეხი მომენტია, რომელიც სათანადოდ უნდა იქნას შეფასებული. შესაძლოა ორი შედეგი: პუტინის ილიბერალიზმის მორიგი გამარჯვება ან იმის დამტკიცების შანსი, რომ ის არასწორია“- წერია სალომე სამადაშვილის სტატიაში.