“დროა – მშვიდობა ომზე მეტია!”- ამ სახელწოდებით აქცია ხვალ, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.
აქციის მონაწილეები 20:00 საათზე შეიკრიბებიან და კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტების უმოქმედებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მთავარი სათქმელია უარი სიძულვილსა და ძალადობას.
“დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს, ვხედავთ ზიზღით გაჟღენთილ საზოგადოებას. ვხედავთ? საერთოდ ვერ ვხედავთ ხელისუფლებას, ვერ ვგრძნობთ რომ პატრონი გვყავს, ვერ ვგრძნობთ თავს დაცულად და ვდგავართ აშკარა პროვოკაციის წინაშე. პროვოკაციის რომელიც აწყობს მხოლოდ ერთადერთ ქვეყანას. ვხედავთ დაჩაგრულ ადამიანებს და ვხედავთ როგორ ექმნება საფრთხე ჩვენს კონსტიტუციას!
ამიტომ, მოგმართავთ ისევ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვისაც არ გვაინტერესებს პოლიტიკოსები, ორგანიზაციები, მხარეები, არ გვაქვს სხვა ინტერესები, გარდა ერთისა ვიცხოვროთ გამართულ სახელმწიფოში მშვიდობიანად და სიყვარულით. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს სიძულვილი და დაპირისპირება, არ უნდა დავუშვათ ზიზღი ერთმანეთისადმი.არ დავუშვათ საზოგადოების გახლეჩვა და დაპირისპირება, ამიტომ გთხოვთ რომ შემოგვიერთდეთ, კლასელებს, მეგობრებს, მშობლებს, დედებს, ნათესავებს, ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყანაში ცხოვრება.”-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათი შეკითხვის ადრესატები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საქართველოს წმინდა სინოდი, საქართველოს პრემიერ მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი იქნებიან, ასევე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები ტოშინოშინი, ლაშა ტალახაძე, ზაზა ფაჩულია, მამუკა გორგოძე.
“მივმართავთ პირადად ილია მეორეს, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის შეჩერება, ამიტომ გთხოვთ
1. პირადად მოუწოდეთ მოძალადე ჯგუფებს რომ შეწყვიტონ ჩვენი სარწმუნოების სახელით ძალადობა.
2. პირადად მოუწოდეთ მოძალადე ჯგუფებს რომ ძალადობა ყველაზე მიუღებელია ჩვენი სარწმუნოებისთვის და აუხსენით ეს.
3. მოუწოდეთ ყვველას, რომ საქართველოს აქვს კონსტიტუცია, რომელიც არის ქვეყნად ყოფნის გარანტი და კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა უდიდესი დანაშაულია ღმერთის და ერის წინაშე.
კითხვები პრემიერ-მინისტრს:
1. რატომ არ ხდება სიძულვილთან ბრძოლა?
2. რატომ ვართ საზოგადოება მარტო?
3. რა ხდება ქვეყანაში?
4. არის თუ არა ქვეყანაში კონსტიტუცია დაცული?
5.რატომ არაფერს აკეთებს სახელმწიფო საზოგადოების გახლეჩვის თავიდან ასაცილებლად?
6. რატომ არ ელაპარაკებით საკუთარ ხალხს და უშვებთ საზოგადოების დაპირისპირებას?
მიმართვა შინაგან საქმეთა მინისტრს
1. რა ხდება ქვეყანაში?
2. ვართ თუ არა დაცულები?
3. არის თუ არა ქვეყანაში კონსტიტუცია დაცული?
მიმართვა საქართელოს წმინდა სინოდს
1. ყველა იმ მამაოს, რომელიც მხარს უჭერს ძალადობას შეუჩერეთ მღვდელ-მსახურების უფლება
2. გაგვარკვიეთ რა ხდება ეკლესიაში? რატომ ასოცირდებიან საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან მოძალადე ჯგუფები?
მიმართვა ტოშინოშინს, ლაშა ტალახაძეს, ზაზა ფაჩულიას, მამუკა გორგოძეს,
თქვენ შეგიძლიათ, ჩვენთან ერთად ამ სიგიჟის დასრულება, მხოლოდ თქვენნაირი ადამიანებს შეუძლიათ დღეს საზოგადოებისთის იმის ახსნა, რომ ძალადობა მიუღებელია და რომ ყველამ, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას”- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.