დუისში შეხვედრაზე მაია ცქიტიშვილს კითხვა მაჩალიკაშვილზე დაუსვეს

სოფელ დუისში ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  პანკისის ხეობის მკვიდრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მინისტრებს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისა შესახებ  კითხვები დაუსვეს.

მექა ხანგოშვილმა ჰკითხა მინისტრს, რა აუცილებლობას წარმოადგენდა მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია და არის თუ არა გამართლებული მაშინ, როცა საერთაშორისო ტერორისტი ბრეივიკი ციხეში განსაკუთრებულ პირობებში იმყოფება. შეხვედრას ესწრებოდა  თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი.

“თემირლანის დედას აინტერესებს, რატომ უნდა მოეკლათ თემირლანი, თუნდაც, დავუშვათ და მას რამე დანაშაული ჰქონოდა. ბრეივიკი ციხეშია, ის განათლებას იღებს და იმასაც კი აპროტესტებს, ყავა რატოა ცივი და არა ცხელი. თუნდაც, 20 წელი მჯდარიყო ციხეში, თუ ბრალი დაუმტკიცდებოდა, ოღონდაც დედას ის ცოცხალი ჰყოლოდა”- განაცხადა ხანგოშვილმა.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, კითხვაზე რატომ მოხდა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია, პასუხის გაცემა გამოძიების დასრულებამდე არ შეუძლია.

მინისტრებთან შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობდა.