„ძალაც და უფლებაც ოლიგარქს“– პლაკატების აქცია თბილისის ქუჩებში

დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში და ხიდებზე  ბანერები გამოჩნდა სხვადასხვა შინაარსის წარწერებით: “უფრო მორჩილი სასამართლო,” “არა თავისუფლებას,” “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს,” “მეტი ფარული ჩანაწერი,“ “მედია უნდა იყოს მართული“ „მოიჭრას ყველა ხე“ და ა.შ. როგორც გაირკვა, ეს იყო სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და შარშან ამ დროს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდების ერთი წლისთავის აღსანიშნავად.  – დედაქალაქის უბნებში, ხიდებზე ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა.
„2018 წლის 12 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ იარაღი მიუშვირა თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ,“ – ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
საპროტესტო შინაარსის ბანერები მალევე ჩამოიხსნა. სავარაუდოდ ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.