“ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სურვილია, იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, პასუხი აგოს და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს,” – ამის შესახებ თბილისის მთავარ სამმართველოსთან ანა ბაგრატიონის ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განაცხადა.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი პოლიციის მთავარ სამმართველოში ჩვენების მისაცემად ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.ის საგამოძიებო უწყებაში ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით იკითხება.
ადვოკატის განმარტებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ყოფილი მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის გარდა, ფსიქოლოგიური ძალადობაც ხორციელდებოდა.
„გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ვაპირებთ ჩვენების მიცემას. საუბარია, როგორც ფიზიკურ ძალადობაზე, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთ ფაქტზე. შესაბამისად, ანა აპირებს დეტალურად მისცეს ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე და დაასახელოს ყველა ის მოწმე და ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეზე არსებობს.ანას სურვილია, პასუხი აგოს იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა და კანონის შეასაბამისად დაისაჯოს”, – განაცხადა რუხაძემ.
რაც შეეხება საქმის ხანდაზმულობას, რუხაძის განცხადებით, ძალადობის ბოლო ფაქტი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და მას ხანდაზმულობის ვადა ხაგრძლივი აქვს.
„ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ძალადობა, რომელიც განხორციელდა 2014 წლის 9 მაისს და რომელზეც ექსპერტიზის დასკვნა არსებობს, მისი არასრულწლოვანი შვილის, გიორგის თვალწინ მოხდა, რაც მძიმე დანაშაულია და 6 წლამდე ხანდაზმულობის ვადა მოქმედებს. შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული ხანდაზმული არ არის”, – აცხადებს რუხაძე.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი აცხადებს, რომ მას ყოფილმა მეუღლემ, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და შესაბამისად გამოძიება ამ კუთხითაც უნდა წარიმართოს.
“ანა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ის 2 დღის მანძილზე ჩაკეტილი იყო და ეს თავისუფლად ჯდება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას შეეხება, ის ვალდებულია, ამ მხრივ გამოძიება აწარმოოს”, – აცხადებს რუხაძე.
როგორც ცნობილია, 2012 წელს ანა ბაგრატიონი და დავით ბაგრატიონი უკვე დაშორებულები იყვნენ, თუმცა ადვოკატის თქმით, ანა არასრულწლოვან შვილთან ერთად საგურამოში სისტემატიურად ადიოდა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.
“მათ დარეგულირებული ჰქონდათ ბავშვის ნახვის დღეები, შეასაბამისად, პარასკევი, შაბათი და კვირა საგურაოში ბავშვთან ერთად სისტემატიურად ჩადიოდა”, -განაცხადა რუხაძემ.