შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული თემა ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და სამინისტროს მხრიდანაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო, რადგან ბრალდებული დედა არასრულწლოვანია.
,ჩვენ გვყავს არასრულწლოვანი რომელიც დღეის მდგომარეობით იმხილება დანაშაულის ჩადენაში. ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ ნამდვილად ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც ძალიან ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო.
ამ ფაქტზე გამოძიების დაწყება დაუყოვნებლივ მოხდა. ინფორმაციის გავრცელება ეფუძნებოდა იმ დროისათვის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ვნახოთ, როგორც შეიცვლება სურათი. მე თავს შევიკავებ გამოძიების სხვა დეტალებზე საუბრისგან, იმიტომ, რომ არის ძალიან სენსიტიური თემა. ვიტყვი იმასაც, რომ შეტყობინებაზე რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო შემოსული, თავის დროზე გამოძიება დაწყებული არ ყოფილა, რაზეც, როგორც თქვენთვის ცნობილია, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა. ერთ თანამშრომელს შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება. მოკვლევა გრძელდება და თუ დღის წესრიგში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტრო ამაზეც მოახდენს მკაცრ რეაგირებას.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, შესაბამისად იმ დროისთვის გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა ბრალდებულის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ბრალდებულს აქვს უფლება ყველა ეტაპზე შეცვალოს მისი პოზიცია, ყველა ეტაპზე შეცვალოს ჩვენება, შესაბამისად სურათის შეცვლა, ბრალდების აღიარების ან არაღიარების, ან ნაწილობრივ აღიარების კუთხით, ეს არის გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე აბსოლუტურად ბრალდებულის პოზიციაზე დამოკიდებული.“ – განაცხადა ლონდა
თოლორაიამ.
გუშინ, სოფელ აღაიანში 7 თვის ბავშვის გაგუდვის ბრალდებით 16 წლის დედა დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.