საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ საფრანგეთიდან და გერმანიიდან მხარდამჭერი წერილი მიიღეს. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ რატომ არ გახდა წერილის შინაარსი საჯარო.
“ძალიან კარგი წერილია, ჩვენი მეგობრების, საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების. მხარდამჭერი წერილია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან საქართველოს ასეთ მხარდაჭერას”, – განაცხადა ზალკალიანმა.
ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მთავრობას ერთობლივი წერილი მისწერეს. როგორც კანდელაკი ამბობს, წერილში კრიტიკულადაა შეფასებული საქართველოში მიმდინარე მოვლენები.