“ძალიან სამწუხაროა, თუ მართლა ესე ფიქრობს გენერალი ჩაჩიბაია”- თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ვლადიმერ  ჩაჩიბაიას განცხადებას უარყოფითად აფასებს და თავდაცვის უწყებისგან განმარტების გაკეთებას მოითხოვს. 

“ძალიან სამწუხაროა თუ მართლა ესე ფიქრობს გენერალი ჩაჩიბაია. მძიმე აღსაქმელია, როდესაც შენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაური თვლის, რომ რუსეთთან კონფლიქტი 2008 წელს დაიწყო და ყველაფერი რაც მანამდე ხდებოდა, იყო მხოლოდ სამოქალაქო ომი,”-აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავის განცხადებაში, 90-იან წლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები სამოქალაქო ომებად მოიხსენია.

„28 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ოთხი ომი გამოიარა, 3 სამოქალაქო და ერთი ფართო აგრესია რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი ევროპული ქვეყანა ჩამოიშლებოდა თავის სამხედრო ძალებთან ერთად, მაგრამ საქართველო დღეს დგას ფეხზე, მისი სამხედრო ძალები ვითარდება,“-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გუშინ, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.