მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან კვირის პალიტრასთან ინტერვიუში გააკეთა. თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ წერილს, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოაქვეყნა დღესაც ხელს მოაწერდა. საუბარია წერილზე, რომლის დაწერასაც მისგან იმ მუქარის წერილში ითხოვდნენ, რომელიც ხაზარაძის თქმით შს მინისტრმა გაუგზავნა და რომელიც საუბარი იყო იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში დაუშვებელია.
“იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი. ერთი მხრივ, ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა“ – განუცხადა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალისტრას“.
კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადების გავრცელებით მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის ერთ-ერთი პირობა შეასრულა, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობდა რევანში საფრთხეზე, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო.
მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში მამუკა აზარაძეს ინტერვიუს საპასუხოდ უჭკუოს და უთავმოყვარეოს უწოდებს:
“თურმე კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა “განკულაკება” ყოფილა და არა ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება, არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა.
რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე.“ – წერს სააკაშვილი.
მამუკა ხაზარაძე გამოცემასთან ინტერვიუში საუბრობს წერილის დაწერის მოტივებზე და მიზეზებზე:
„იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა „ნაციონალების“ დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ“.– ამბობს ხაზარაძე.
რაც შეეხება მუქარის წერილის დანარჩენი მოთხოვნების შესრულებას, ხაზარაძე ამბობს, რომ მათი შესრულება არც უფიქრია:
„როგორც კი წავიკითხე წერილი, რომელიც მივიღე, იმ საღამოსვე დავწერე ზემოხსენებული განცხადება. მივხვდი, რომ არჩევანის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არ გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობდნენ, რომ „ტვ პირველთან“ რაღაც კავშირი მაქვს“, – აცხადებს ხაზარაძე.