პოლიტიკური გაერთიანება “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. “მატროსოვის” ციხიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს.
“ასლან აბაშიძეს თენგიზ ასანიძე რომ ჰყავდა გამოკეტილი დილეგში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ალბათ ბევრს გახსოვთ.
ისტორია მეორდება. უგულავას საქმეზე 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა 9 თვეზე მეტ ხანს არ შეიძლება.
9 თვე 24 აპრილს გამდის. ჯერ ეს ვადა არ გასვლიათ და ივანიშვილის ჯიბის სასამრთლომ და პროკურატურამ უკვე წინასწარ გამოაცხადა, რომ ჩემთან დაკავშირებით თავზე გადაიხევენ კონსტიტუციასაც და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც და ახალ 9 თვიან ვადასაც დამიმატებენ მეორე საქმეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე საქმის 9 თვიანი ვადა რომ გაუვათ აგვისტოში, ახალ ბრალს წამიყენებენ და კიდევ ახალ 9 თვიანს ამითვლიან.
ასე ვიჯდები სანამ ივანიშვილი იქნება.
ლოგიკური კითხვა ვისაც გაგიჩნდათ, „რა იცი, იქნებ მანამდე მოგისაჯონ?“, გეტყვით – გვარამიას, ხაზარაძეს და სხვების საქმეებისაგან განსხვავებით, რომლებსაც კონვეერულად იხილავენ გავრილოვის საქმის ჩემმა მოსამართლემ 29 იანვრის სხდომა ჩაშალა და გამოაცხადა – შვებულებაში გავდივარო. თებერვალში მხოლოდ ერთი პროცესი ჩანიშნა, ისიც იმისთვის, რომ პატიმრობა გამიგრძელოს. ფაქტია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ვერ გამოაქვს, გამამართლებელს ვინ გამოატანინებს და საქმე თაროზე შემოდო ისე, რომ 7 თვე სულ ტყუილად გამომკეტა. რაც შეეხება მეორე საქმეს, 200 მოწმიან საქმეს აგვისტომდე ჩრდილოეთ კორეაშიც ვერ დაამთავრებენ.
ასე რომ, ველოდები ახალ ბრალს და ახალ 9 თვიანს აგვისტოში. ძველი აღარაფერი დარჩათ და წესით აქ, ციხეში უნდა „მიჩალიჩონ“ რამე ახალი, არჩევნების დღეს გარეთ რომ არ ვიყო.
ისტორია მეორდება. ასე მივიდა ივანიშვილი გასაოცარი დემოკრატობიდან ასლან აბაშიძემდე.”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.