„ძვირფასო ზესტაფონელებო…” – არჩილ თალაკვის მიმართვა ჭიათურლებს

„ძვირფასო ზესტაფონელებო…” – ამ სიტყვებით დაიწყო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჭიათურელებისადმი მიმართვა. მან ჭიათურაში ჭიათურის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა. თალაკვაძის სიტყვას ადგილობრივების ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც მას უკარნახეს რომ ის ჭიათურაში იმყოფება. თალაკვაძემ ვითარება გამოასწორა და აღნიშნა, რომ ჭიათურიდან ზესტაფონში მიდიოდა.
“ქართული ოცნების“ სახელით, გივი მოდებაძის კანდიდატურა ჭიათურელებს უმრავლესობის ლიდერმა და ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინეს. არჩილ თალაკვაძემ ჭიათურაში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ისაუბრა.
„ძვირფასო ზესტაფონელებო… ჭიათურელებო. აქედან ზესტაფონში მივდივართ. მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, რომ საქმეები, რაც აქ არის დაწყებული, ეს არის საბაგირო სისტემის მთლიანი მოდერნიზაცია, ეს არის ეკოლოგიური სიტუაცია, რომელიც დღეს კიდევ რჩება გამოწვევად, ეს არის შრომითი პირობები მაღაროელებისთვის, ეს არის სოციალური პრობლემები, რომელიც დღეს აქვს ჭიათურას, რომელიც აქ აქვს საზოგადოებას, ქალაქს უ სოფლებს. ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად, ამ პროექტების ბოლომდე მისაყვანად, ყველაზე საუკეთესო კანდიდატურა და ადამიანი, ვინც ამას შეძლებს თქვენი მხარდაჭერით, იქნება ბატონი გივი მოდებაძე,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გივი მოდებაძემ, მხარდაჭერისა და ნდობისთვის პარტია „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მოგახსენოთ, რომ ჭიათურაში დაწყებულია და დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, დასრულდება 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი, დასრულდება ბაგირ გზების მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ პოტენციალს ჩვენს ქალაქში, დაიგება სხვადასხვა მიმართულებით 50კმ-დე ასფალტის და ბეტონის გზა. მე მჯერა, 2019 წლის 19 მაისს, ჩვენ ავირჩევთ მშვიდობას და სტაბილურობას,“ – განაცხადა გივი მოდებაძემ.
საქართველოში პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება.