“სპუტნიკ ოსეთი“ ავრცელებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებას, რომელშიც უწყება ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან სამხრეთ ოსური მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ოსური სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ეკატერინა ბიაზროვის თქმით, მანამდე, ანალოგიური ქართული საფრენი აპარატები არაერთგზის ასრულებდნენ დაზვერვას “სახელმწიფო საზღვრის“ გაყოლებაზე და სამოქალაქო ობიექტების თავზე, რომლებსაც იცავენ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მესაზღვრეები.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს მათი დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. სუსის ინფორმაციით სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს შეეჯახა, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.