მმართველ გუნდთან დაპირისპირებულმა ეკა ბესელიამ დღეს უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ ტოვებს “ქართულ ოცნებას”. მის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი სესია პარლამენტში, სადაც პოლიტიკოსმა მისი უკვე ყოფილი თანაგუნდელები მწვავედ გააკრიტიკა. განსაკუთრებით კრიტიკული იყო ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის მიმართ, რომელსაც უღირსი სპიკერი უწოდა.
“მივდივარ იქ, სადაც არის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა – იქ სადაც ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაყვება ყველაზე ღირებული რამ – სამართლიანი სასამართლო და სამართალი, თქვა ბესელიამ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ცნობილია, ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მოსამართლეთა არჩევის გადავადებას ითვალისწინებდა, საკანონმდებლო ორგანოში გუშინ ჩავარდა.
საკანონმდებლო ცვლილებას 76 ხმა სჭირდებოდა, თუმცა ბესელიასა და მისი თანამოაზრე 8 დეპუტატის, ოპოზიციისა და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატის ხმა პროექტის მისარებად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ალბათ ბოლოჯერ გამოვდივარ უმრავლესობით სახელით- ეკა ბესელიამ ამ რეპლიკით დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თუ მისი კანონპროექტი ხმარდაჭრილი არ იქნებოდა, ქართულ ოცნებას დატოვებდა.
{{VIDEO}}
ბესელიას სამივე გამოსვლა ტრიბუნასთან დღეს მწვავე და კრიტიკული იყო, მან პარლამენტის თავმჯდომარე უსუსურობაში “ამხილა” და თქვა, რომ ირაკლი კობახიძემ წინააღმდეგობა ვერ გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს იმ წევრებს ვინც პარლამენტისგან სადაო მოსამართლეების სიის დამტკიცებას ითხოვდა. ბესელიას თქმით, კობახიძე პარლამენტის ღირსეული თავმჯომარე არ არის და მან ვერ შეძლო საკანონმდებლო ორგანოს ღირსების დაცვა.
ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას მხრიდან კრიტიკის ობიექტი მისი იმ განცახდების გამოც გახდა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბესელიას კანონპროექტის მხადამჭერთა ნაწილმა კონსენსუსს ნაციონალურ მოძრაობასთან მიაღწია.
მართალია, ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გუშინ გადაწყვიტა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას მხარი არ დაუჭიროს, მაგრამ დღეს ქართულ ოცნებაში აღმოჩნდნენ დეპუტატები ვინც ამ პოზიციას არ დაეთანხმნენ. ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა პარლამენტის ყველა ოპოზოციურმა ფრაქციამ
ქართული ოცნება კი დღეს ისევ აცხადებდა, რომ ბესელიას კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კი თანაგუნდელებს და ოპოზოციას ჩიხიდან გამოსასვლელად საკუტარი ხედვა შესთავაზა
ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებული კანონპროექტი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებდა. ბესელია თვლის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი გუნდის სახით პარლამენტში ლობი ჰყავს, უვადოდ უღირს მოსამართლეებს ნიშნავს.