ეკა ბესელია: გავიღიმე, კარგად არ მიცნობთ, რაც ხდება, უფრო მაძლიერებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის ელოდა გარკვეული ტიპის შეტევებს და ამისთვის მზად არის. ბესელია ამბობს, რომ ვინც ამ “მორალური ტერორის” უკან დგას, უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც მას შეაჩერებს. 

ეკა ბესელია სოციალურ ქსელში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. თვლის, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ბინძურ კამპანიაში ის პირები მონაწილეობენ, რომლებიც ახლა მასთან მოსამართლეების საკითხზე დაპისპირებული არიან. ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ივარაუდა, რომ შესაძლოა, კადრები თავად ბესელიამ გაავრცელა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს მოსამართლის მხრიდან მდაბიო საქციელია.

შეგახსნებთ, რომ ეკა ბესელიას ფარული ვიდეო ჩანაწერები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ამის შესახებ განცხადება კი პირველმა, “ქართული ოცნებიდან” გარიცხულმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა. კადრების გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და ჭიჭინაძე და მისი ოჯახის წევრები გამოკითხა.

“ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც არიან უფრო დაბლა, ვიდრე ჭაობი – უფრო მაძლიერებს ეს ყველაფერი, რაც ხდება. ეს უბედურება რომ დამთავრდეს, ამაში მე შევიტან წვლილს, რადგან აქამდე ეს ვერ მოვახერხეთ”,განაცხადა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. ეს არის პირველი საჯარო კომენტარი მას შემდეგ, რაც ბესელია მივლინებიდან დაბრუნდა.

“ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და ვიღაც არ იკადრებდა ამას. ამისთვის მზად ვიყავი. ეს არ არის ახალი ჩანაწერი. ეს უკანონო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ოჯახური საიდუმლოების და სივრცის უკანონო ჩანაწერს და შინაარსი აქ არაფერი არ არის ასახსნელი – უბრალოდ, ფორმაა ამაზრზენი, ეს ჩანაწერი დევს იმ სისხლის სამართლის საქმეში”, განაცხადა ეკა ბესელიამ. 

“პარტიაში იქნება ამ დღეებში შეხვედრა და რა თქმა უნდა ამ თემაზე ვაპირებ საუბარს. პარლამენტის თავმჯდომარე არ დამკავშირებია. რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანი ჩვენი პარტიიდან მესაუბრა და ყველა მახსოვს,  ვინ მესაუბრა და როგორ. მაგრამ განუზომლად ბევრი უცხო ადამიანი მეხმიანება. ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი, რაც ხდება ამ ორი დღის განმავლობაში. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, უამრავი უცხო ათასობით ადამიანი მწერს”, აღნიშნა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება თანაგუნდელების თანადგომას, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მას გუნდის რამდენიმე წევრი დაუკავშირდა, თუმცა მათ შორის არ ყოფილა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაკავშირების შესახებ შეკითხვას, ბესელია “ღიად ტოვებს”.