ეკა ბესელია პირადი კადრების შემთხვევითი გამავრცელებლების გარდა პროცესის დირიჟორის დადგენას მოითხოვს

ქართული ოცნების უმრავლესობის შვიდსაათიანი შეხვედრიდან გამოსული ეკა ბესელია ამბობს, რომ შეხვედრისას ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა:

“პირადზე მსჯელობა არ ყოფილა და არც არის აქ სამსჯელო არაფერი ერთის გარდა.ვიცით ვინ არის ავტორი – ეს განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში. ახლა საუბარია იმაზე ვინ დაგეგმა და ვინ არის დირიჟორი ამ უკანონო კამპანიის და ამ მორალური ტეროის რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან იმ ბრალდებით, რომ ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში და შეიძლება იქ შემთხვევითაც ვიღაცეები მოხვდნენ. ჩემი ამოცანა არ არის ოჯახები გაუბედურდეს, ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული. მე ნამდვილად არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო რომ ოჯახების ტრაგედია მოყვეს კიდევ ამ მორალურ ტერორს.
პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი ამ გავრცელების, ვინ რა მიზნით გაავრცელა. დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. და გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ გაარკვიეს ეს“ – ამბობს ეკა ბესელია.