{{ARTICLEIMAGE}}
“ქართული ოცნების” ოფისში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით გამართული შეხვედრით ნაწილობრივ კმაყოფილია ეკა ბესელია. მისი თქმით, მოსაზრებების გაცვლის პროცესში ბევრ საკითხზე გუნდში მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ რჩება აზრთასხვადასხვაობა პრინციპულ საკითხებზეც, რაზეც მსჯელობა გაგრძელდება.
ბესელიას თქმით, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობის მოსამართლეთა სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ამის შემდეგ სწორედ პარლამენტმა უნდა მიიღს გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭერს მხარს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა ამ ეტაპზე ღია დარჩა და განხილვა მომავალში გაგრძელდება.
“საბჭომ უნდა წარმოადგინოს სია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს უფრო გრძელი სია, ვიდრე 10 ადამიანია ათ პოზიციაზე. საბჭოსადმი ნდობა არ არის დღეს მაღალი, ამიტომ პარლამენტმა უნდა აიღოს მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა. აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული ხედვა და ვთქვით, რომ მოდი ეს საკითხი კიდევ გავაგრძელოთ სამსჯელოდ. პარლამენტმა უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობით სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. მაგალითად სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევ კანდიდატურებს როდესაც ვიხილავთ, ერთ პოზიციაზე სამი კანდიდატურა სახელდება”, განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, ასევე მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია, რომ მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, შეეზღუდოთ მონაწილეობის მიღება.
“მნიშვნელოვანია, პარლამენტში კრიტერიუმების განხილვის დროს ჩვენ შევჯერდეთ იმაზე, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, რაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა პოლიტიკური აქტით, ასევე უნდა იყოს ერთ-ერთ გამომრიცხავი გარემოება. სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებში, სადაც ხვდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები, ასევე ის მოსამართლეები, რომელთაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომელიც პარლამენტში გადმოტანილი პროცესის დროს გაფილტრავს ამ კანდიდატებს”, განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ქართული ოცნების” ოფისში დღეს გამართული კონსულტაციები გუშინდელზე ხანგრძლივი აღმოჩნდა და შვიდ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.