ეკა ბესელიამ არასამთავრობოებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ეკა ბესელიამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან  შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

დეპუტატის  გაღიზიანების მიზეზი შეხვედრაზე ანრი ოხანაშვილის ყოფნა გახდა. ყოფილი თანაგუნდელების მოსაზრებებს ბესელიამ დემაგოგია უწოდა. უმრავლესობიდან წასული დეპუტატის განცხადებით, მას საშუალება არ მიეცა მოესმინა სახალხო დამცველის შეფასებები სასამართლო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით.

“მე აქ არ მოვსულვარ იმის მოსასმენად, რამდენად  აღფრთოვანებულია ოხანაშვილი და ის ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა კანონპროექტს მოსამართლეების შესახებ, არ მოვსულვარ ამ დემაგოგიის მოსასმენად.მე აქ მოვედი იმისათვის, რომ ვიცოდი, ეს შეხვედრა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ტარდებოდა და მათი მოსაზრებების და შეფასებების მოსასმენად მოვედი. იმის თქმა, რომ საუკეთესო კანონპროექტი მიიღეს, იმ ფონზე, როდესაც გუშინწინ ასეთი პირდაპირი, მკვეთრი, უარყოფითი განცხადება გაკეთდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის საელჩოს მხრიდან და ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა პირდაპირ გააკეთა კომენტარი, რომ ის გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებულია ამ კანონთან დაკავშირებით, უხერხული მგონია. იგივე პოზიცია აქვს ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს და ამ ფონზე იმის მოსმენა, რომ ეს უპრეცედენტოდ კარგი პროექტია, უბრალოდ სირცხვილია. ის, რომ ამხელა მონოლოგს ვისმენ ოხანაშვილისას, რომ რა საუკეთესო კანონპროექტი მოამზადეს და ამით თურმე აღფრთოვანებულია ყველა და ბედნიერია იმით, რომ ამაში ჩართული ჰყავდა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, უკაცრავად, მაგრამ მე აქ ამის მოსასმენად არ მოვსულვარ. უხერხულია, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა ყველა გაკრიტიკებს, ყველა გეუბნება, რომ ცუდად მოიქეცი და ერთადერთი, ვისაც მოსწონს ეს კანონპროექტი, არის მისი ავტორი ჩინჩალაძის ჯგუფი – მე ამისთვის არ მოვსულვარ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.