ეკა ბესელიას გამოძიებამ ნიღაბი ჩამოაძრო – ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის შეფასებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიებამ ეკა ბესელიას ნიღაბი ჩამოაძრო. მისი თქმით, ეკა ბესელია სპეკულირებდა, თითქოს გამოძიება ჭიანურდებოდა. როგორც დეპუტატი ამბობს, თუ ვიდეოს ამტვირთავი დადგინდა, იმედია შემკვეთებიც ადვილად დადგინდება.

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკა ბესელია, როგორც სასამართლოს, ასევე კადრების თემას სპეკულაციისთვის იყენებდა. მარტივი ფაქტი დადგინდა. უმრავლესობის ცნობილ სხდომაზე, ეკა ბესელიას ერთ-ერთმა კოლეგამ კორუფციასთან მის კავშირზე კითხვები დაუსვა. ამ ინფორმაციამ არ გაჟონა მაშინ, როცა ყველა ინფორმაცია ჟონავდა. ეს ადასტურებს, რომ ეკა ბესელია ნოდარ მელაძესთან პირდაპირ დაკავშირებული იყო და ინფორმაციები გაჰქონდა, ხოლო სანაცვლოდ ჩვენი გუნდის წევრებზე ნეგატიურ სიუჟეტებს იღებდა. გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გატანას საზოგადოება აფასებს, როგორც ვირთხის საქციელს. ჩემთვის ეკა ბესელია არის გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გამტანი. მან იცოდა, რომ უმრავლესობაში დიდი ხანი აღარ დაედგომებოდა, რადგან მმართველი გუნდისთვის მიუღებელია კორუფცია და კორუფციასთან დაკავშირებული ადამიანები. მან ამ საქციელით მოისხა პოლიტიკური მანტია, წამებულის. თითქოს, მან ვინმე ებრძოდა და წონა ან ფორმა გააჩნდა პროცესებთან მიმართებაში. ნათელია, ეკა ბესელიას სახე. მას გამოძიებამ ნიღაბი ჩამოაძრო“, – აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.