ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ერევნის ციხიდან აიტვირთა შსს –მ დაადასტურა. შსს-მ შაბათის კურიერის ანონსის გასვლის შემდეგ დაადასტურა, რომ ერევნის ციხის ქართველი პატიმარი დეპუტატის საქმეში ფიგურირებს.უწყების ინფორმაციით, სომხეთის ერთ-ერთ ციხეში ჩხრეკაც ჩატარდა და მობილური ტელეფონიც ამოღებულია, თუმცა, პოლიციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რატომ მალავდნენ ამ ამბავს მანამდე, ვიდრე ფაქტის შესახებ კურიერმა არ გაიგო და ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დგინდება, რომ facebook-ის გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა – buba lomtatidze-მ საკუთარ გვერდზე ატვირთა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები.
ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და FACEBOOK-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ facebook-ის გვერდით – buba lomtatidze-ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის – მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის. დ.ი.-მ საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.
ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას ამოღებულია მისი კუთვნილი samsung-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც youtube-ზე კადრები ატვირთა.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ან მის წახალისებაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები,“ – წერია შსს–ს განცხადებაში.
კურიერის ინფორმაციით კიბერდანაშაულის დეპარტამენტის გამომძიებელი, შოთა ჯანჯღავა, პატაკში სამინისტროს მაღალჩინოსნებს წერს, რომ ბუბა ლომთათიძეა ადამიანი, ვინც ბესელიას კადრებს ღია სივრცეში ავრცელებს.პატაკში წერია, რომ ლომთათიძემ ბესელიას ვიდეომასალა გააზიარა, ანუ კადრები სხვისი Facebookგვერდზე იყო ატვირთული და კადრები მის პირად გვერდზე გადმოიტანა, თუმცა, კურიერის ინფორმაციით რეალობა სულ სხვაა. ერევნის ციხის ქართველმა პატიმარმა კადრები 28 იანვარს თავად ატვირთა. ანუ ის იყო ვიდეომასალის გავრცელების წყარო, თუმცა, ეს ფაქტი შს თანამშრომელმა პატაკში არ ასახა.
სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ბუბა ლომთათიძე წერს, რომ ვიდეომასალის გასაჯაროვების მიზეზი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის.
ამ აღიარებითი წერილის მიუხედავად, შს სამინსიტროს ბრალი ბუბა ლომთათიძისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.
კანონის თანხმად, განცხადება, სადაც ლომთათიძე ივანიშვილის გვარს ახსენებდა, პოლიციას საქმეში რომ ჩაედო, მაშინ ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე ივანიშვილის დაკითხვაც მოუწევდა.
კურიერი აზუსტებს, რომ საქართველოს მოქალაქე სასჯელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, საკუთარ მეუღლესთან ერთად, ერევნის ციხეში უკვე 9 თვეა, ბრალდებულის სტატუსით იხდის. სომეხი სამართალდამცველები მას 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობას ედავებიან.
ბუბა ლომთათიძე კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს მის დაპირისპირებაზე ივანიშვილების ოჯახთან და მის კონფლიქტზე ურეკის პოლიციასთან.
რანდემინე კვირის წინ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.