დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მტკიცებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის სესიაზე გატანა შესაძლებელია იმის მიუხედავად, რომ მან 113 დეპუტატის ხმა ვერ მიიღო.
დეპუტატის განმარტებით, თუკი კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, იგი მეორე მოსმენაზეც გადის. ამასთან, ბესელიას განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი, სადაც წერია, რომ კონსტიტუციური ცვლილების განსახორციელებლად საჭიროა 113 ხმა, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. ბესელია ხელისუფლებას რეგლამენტის გასწორებას სთავაზობს.
„ეს კრიზისი უნდა განიმუხტოს პოლიტიკური დიალოგის და სამართლებრივი გზის საშუალებით. ეს გზა არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას უნდა განუმარტოს, რომ კონსტიტუციური კანონპროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მეორე მოსმენით ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდეს სესიაზე. ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომელსაც არავითარი წინაპირობა არ აქვს. გუშინდელი კენჭისყრის შედეგებით არ მთავრდება და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი მაინც გამოვა იმიტომ, რომ კვორუმი ჰქონდა მას 101 და კონსტიტუციის ჩანაწერი ითვალისწინებს, რომ თუ არის 100 ან 100-ზე მეტი ხმა, მაგრამ არა 113, ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტი მიღებულია და ის გრძელდება მეორე და მესამე მოსმენისთვის. კონსტიტუციაში არ წერია ის, რაც რეგლამენტში წერია. კონსტიტუცია უფრო მაღალია იერარქიულად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანონი. თუ რეგლამენტი გასწორდება და გაკეთდება ჩანაწერი, რომ მიუხედავად 113 ხმის მიუღებლობისა, მეორე და მესამე მოსმენის დროს 113 ხმით შეიძლება იყოს მიღებული კანონპროექტი, ის მაინც ითვლება მიღებულად. ანუ შესაძლებლობა არის სამართლებრივი, თუმცა ამას პოლიტიკური ნება სჭირდება,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონსტიტუციის გადასინჯვის ორ გზას ითვალისწინებს. ერთ შემთხვევაში კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი (113 ხმა) და იგი გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. მეორე შემთხვევაში კი კონსტიტუციური კანონის მიღება შესაძლებელია 2/3-იანი კვორუმით (სულ ცოტა 100 ხმა), თუმცა მისი ამოქმედება შეუძლებელია მომდევნო მოწვევის პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ, რომ:
„კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში,” – წერია კონსტიტუციაში.