{{ARTICLEIMAGE}}საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას აინტერესებს, რა საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. ბესელია სვამს რიტორიკულ შეკითხვას, ხომ არ შეიძლება ეს საკითხი იმიტომ დადგეს დღის წესრიგში, რომ ასე სურს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტში. ბესელია მოუწოდებს ოპოზიციას, საკუთარ მოთხოვნებს კონსტიტუციური საფუძვლებიც დაუმატონ იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
“რისთვის არის ეს მოთხოვნა გასაგებია, მაგრამ რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. რაიმე კითხვის ნიშანია პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით? კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნა? მე ამ კითხვებზე პასუხები ვერ მოვისმინე პოლიტიკური პარტიებისგან, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას აყენებენ”,-თქვა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გაერთიანებული ოპოზიცია 16 დეკემბერს საპროტესტო აქციას გეგმავს. გრიგოლ ვაშაძე და მისი თანამოაზრეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას მოითხოვენ; ხელისუფლებას კონსულტაციების დაწყებაც შესთავაზეს, თუმცა მმართველ გუნდისთვის ოპოზიციის ეს მოთხოვნა არაადეკვატურია. “ქართული ოცნების” გუნდი ინაუგურაციისთვის ემზადება. ღონისძიება 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული მხარე მეორე ტურის შედეგებს არ აღიარებს და მმართველ ძალას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.