ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განცხადებას ავრცელებს.
“მსურს, გამოვეხმაურო ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას წყალტუბოს განვითარების გეგმებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მისასალმებელია არასამთავრობო სექტორის ყურადღება წარმოდგენილი საკითხის მიმართ. დიდი საზოგადოებრივი ინტერესი საწინდარია, რომ პროექტის მნიშვნელობისა და მასშტაბის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადებული ინიციატივის თანახმად, მან გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს, მის აღორძინებას ერთიანი გააზრებული კონცეფციით და გეგმით, რაც ერთბაშად მისცემს საშუალებას არამხოლოდ კურორტ წყალტუბოს, არამედ მთელ რეგიონს, მიიზიდოს კერძო ინვესტორები და სათავე დაუდოს ეკონომიკურ აღმავლობას.
მივესალმები ბიძინა ივანიშვილის ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივასა და უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი უზრუნველყოფს უდიდესი რესურსის მქონე კურორტის ხელახლა დაბადებას და გაცოცხლებას. წინასწარი გათვლებით, საუბარია თითოეულ სასტუმროში საშუალოდ 200 ადამიანის დასაქმებაზე, მხოლოდ კურორტზე კი ჯამში 6 – 8 ათასი ადამიანის დასაქმებაზე. სანატორიუმების აღდგენის შემდეგ კი, კურორტზე ვიზიტორთა წლიური რაოდენობა 600 – 800 ათას ადამიანს მიაღწევს.
საკითხში ჩახედულმა და დაინტერესებულმა პირებმა თუ ორგანიზაციებმა კარგად იციან, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ მოახერხა წყალტუბოში სანატორიუმების უდიდესი უმრავლესობის გაყიდვა. კერძო ბიზნესი არ არის დაინტერესებული ცალკეული დანგრეული შენობის ყიდვით, რომლის სათანადო რეაბილიტაცია, ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება და თანამედროვე პირობებზე მორგება დიდ დანახარჯს მოითხოვს. თანაც, ერთი ცალკეული სასტუმრო ვერ გახდება მიზიდულობის ცენტრი, თუკი არ მოხდა კურორტის მთლიანი რეაბილიტაცია, მთელი ინფრასტრუქტურითა და შესაბამისი მეურნეობების აწყობით (ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ა.შ.). უკვე ერთი წელია ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ღიად დევს შეთავაზება წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზების შესახებ და გამოხმაურება ამ საკითხს არ მოყოლია.
საქართველოს მთავრობის დაკვეთით, 2014 წელს შვეიცარიულმა კომპანიამ Kohl & Partners შეისწავლა წყალტუბოს პოტენციალი და მის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, როგორიც არის რეგიონის ბუნებრივი გარემო და კულტურული ფასეულობები, ჩამოაყალიბა ხედვა, რის მიხედვითაც წყალტუბოს შეუძლია, გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში და დიდი ევროპული კურორტების კონკურენტი. ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა სწორედ ამ გეგმის ფარგლებში კურორტის განვითარებას ეხება. საკუთრივ ეს კონცეფციაც და საჯარო ინტერესიც აპრიორი გულისხმობს წყალტუბოს კურორტის კულტურულ-არქიტექტურულ-მხატვრული იერსახის, გეგმარებისა და ღირებულების არა მხოლოდ აღდგენას, არამედ მის სრულ ფუნქციურ რეაბილიტაციას. კურორტის აღდგენის ერთიანი პოლიტიკა ამის ყველაზე კარგი საშუალებაა. წყალტუბოს არქიტექტურა წარმოადგენს კურორტის უმთავრეს ღირსშესანიშნაობას და ბუნებრივია, რომ მისი მნიშვნელობა დაცული იქნება.
რაც შეეხება არასამთავრობოთა განცხადებაში გამოთქმულ შეშფოთებას, მსურს, დავარწმუნო ისინი, რომ ნებისმიერი პროცესი თუ სამუშაო შესრულდება ქვეყნის, ყველა მოქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. ოპონენტების ბრალდებას, თავად ბიძინა ივანიშვილი პასუხობს საჯაროდ , სადაც ის მკაფიოდ ხსნის, რომ მისი ერთადერთი მოტივატორი კურორტის რეაბილიტაცია და არა მისი ფლობა და მართვაა. მეტიც, ის საუბრობს კონკრეტულ მექანიზმებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რეაბილიტირებული ქონების კერძო სექტორზე გადაცემა.
ასევე საფუძველსაა მოკლებული ბრალდება სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების 1 ლარად გადაცემის შესახებ. მოგახსენებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ 1 ლარად გადაცემის პირობითაც კი ვერ დააინტერესა კერძო სექტორი საინვესტიციო ვალდებულების ასაღებად, რაც არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად 1 ლარად მოხდება ქონების გასხვისება.
გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უკრიტიკოდ იმეორებენ პოლიტიკური ოპონენტების ნარატივს და ავრცელებენ გადაუმოწმებელ, მცდარ ინფორმაციას, რაც ემსგავსება ღია კარის მტვრევას, ხოლო მსგავსი ქმედება აზიანებს ზოგადად, არასამთავრობო სექტორის იდეას. ეკონომიკის სამინისტრო და პირადად მე, მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს პროექტის შესახებ მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია, რაც თავის მხრივ მომავალში გამორიცხავს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას” – აღნიშნულია განცხადებაში.