ეკონომიკის მინისტრმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მინისტრის თქმით, კაკაურიძემ სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის შვილობილ კომპანიას ისე მისცა ღრმაწყლოვანი პორტის მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან ან მთავრობის სხვა წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას . ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.
რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ანაკლიის პორტი და ეს არაერთხელ გვითქვამს, წარმოადგენს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს. ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70 მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით. ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საერთაშორისო ბანკებთან და გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე და ჩვენ მოვუწოდებთ მას, რომ ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს არსებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს და დროულად დავიწყოთ მშენებლობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გვიან საღამოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გაავრცელა. კონსორციუმის განცხადებით მათ მედიით გაიგეს, 2 მაისს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.“– წერდა ანაკლიის კონსორციუმი განცხადებაში.
“ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ 29 მაისს განაცხადა.
“ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა.