ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს. საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.
მათივე განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.
“გამოიკვეთება დარგები, რომლებში დასაქმებულებსაც უწევთ სხვა ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი. მაგალითად, მებაჟეები, სამედიცინო პერსონალი, მათ შორის შეიძლება იყვნენ მოლარეებიც”, – აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება ზოგადად საქართველოში დამზადებული პირბადის ფასს, უწყების განმარტებით, ეს ჯერ განსაზღვრული არაა და დამოკიდებულია პირბადის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ღირებულებაზე, რომელიც ქვეყანაში იმპორტის გზით შემოვა.
ცნობისთვის, საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე 10-მდე სამკერვალო ფაბრიკამ დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” მიერ წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება და ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ფოთში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ საწარმოს ეწვევა პროცესის ადგილზე გასაცნობად.
კომპანია ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე დამზადებულ 500 000 პირბადეს უსასყიდლოდ გადასცემს.