ეკონომიკის სამინისტროში საშუალო ხელფასი 5,729 ლარია-ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) მიერ გასაჯაროებულ მონაცემებშია აღნიშული. ორგანიზაციამ მთავრობაში არსებული სახელფასო პოლიტიკის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, სამინისტროებიდან დარიცხული ხელფასების შესახებ სტატისტიკა გამოითხოვეს და ის რეგულაციის ამოქმედებამდე არსებულ ვითარებას შეადარეს, მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის სამინისტროში 2017 წლის დეკემბერში, თანამშრომლისთვის დარიცხული საშუალო ხელფასი 3,446 ლარი იყო, ხოლო 2018 წლის დეკემბერში კი, საშუალო ანაზღაურება 5,729 ლარამდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში 2017 წლის მდგომარეობით, საშუალო ხელფასი 4,031 ლარი, 2018 წლის მდგომარეობით კი, საშუალო ხელფასი 5,131 ლარი იყო.
2018 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომლითაც პირველად ქართული საჯარო სამსახურის ისტორიაში ანაზღაურების სისტემა ცენტრალიზებულად მოწესრიგდა. იმის შესამოწმებლად თუ კანონის მიღებამ რა პრაქტიკული გავლენა მოახდინა მოხელის ანაზღაურებაზე, კერძოდ კი სხვადასხვა თანამშრომელთა შორის ხელფასების განაწილებაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ერთი თვის ანაზღაურება შეადარა ერთმანეთს. შედეგად, გამოვლინდა, რომ 2017-2018 წლებში რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი – შემცირდა. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია ათი სამინისტროდან გამოითხოვეს, ფინანსთა სამინისტრომ ინფორმაცია მათ არ მიაწოდა,ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია არასრულად იყო წარმოდგენილი.
“კვლევის მიზანი იყო სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში ანაზღაურების უთანასწორობის ანალიზი და ახალი კანონის მიღების შემდეგ ტენდენციის აღწერა. ამ მიზნების მისაღწევად გამოვიყენეთ უწყებებში არსებული საშუალო და მედიანური ხელფასები. სრულყოფილი სურათისთვის ხელფასების შედარებისას, ასევე, გათვალისწინებულია პოლიტიკური თანამდებობის პირთა ანაზღაურება (მინისტრები და მოადგილეები), მიუხედავად იმისა, რომ მათზე ახალი კანონი 2021 წლამდე არ ვრცელდება.
საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურება შედგება ა) თანამდებობრივი სარგოს, ბ) სახელფასო დანამატისა და დ) ფულადი ჯილდოს კომპონენტებისგან. კვლევაში შესადარებლად აღებულია ანაზღაურება, რომელიც სამივე კომპონენტის ჯამს შეადგენს, რადგან მიზანი თანამშრომლის მიერ ფაქტობრივად მიღებული თანხის ანალიზია.
ახალი კანონის მიღებამდე დანამატის და ჯილდოს (პრემია) გაცემა სისტემატიურად, ხშირ შემთხვევაში სათანადო დასაბუთების გარეშე ხდებოდა. ახალმა კანონმა მანამდე არსებული ფაქტობრივი სტატუს-კვო შეინარჩუნა და ის პრემია-დანამატები, რომელიც სისტემატიურად გაიცემოდა გააერთიანა სარგოსთან, ხოლო დანამატისა და ჯილდოს გაცემის წესი მკაცრი რეგულირების ქვეშ მოაქცია.
მიუხედავად ამისა, 2018 წლის დეკემბრის მონაცემებშიც გვხვდება პრემიები და დანამატები, მათ შორის ახალი კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით გაცემულიც. ამის მაგალითი იყო თავდაცვის სამინისტრო, საიდანაც მივიღეთ წერილობითი პასუხი, რომ ყველა თანამშრომელზე გასცეს საახალწლო-სადღესასწაულო ჯილდო 125 ლარის ოდენობით. ახალი კანონით დღესასწაული არ შეიძლება ჯილდოს გაცემის საფუძველი გახდეს, ის ინდივიდუალური წახალისების მექანიზმია და დამოკიდებულია მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.
უწყებებში მოსამსახურეთა ხელფასებს შორის უთანასწორობის დასადგენად ერთმანეთს შევადარეთ ყველა თანამშრომლის საშუალო და მედიანური ხელფასები, კერძოდ, მედიანურ და საშუალო ხელფასს შორის პროცენტული სხვაობა. რაც უფრო ნაკლებია განსხვავება ამ ორ მაჩვენებელს შორის, მით უფრო ნაკლებია უთანასწორობა სხვადასხვა საფეხურის თანამშრომლობის ანაზღაურებას შორის.
ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მედიანურ და საშუალო ხელფასებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში (31.6%) იყო, ყველაზე დაბალი კი – იუსტიციის სამინისტროში (11%). 2018 წლის დეკემბერში ყველაზე დიდი სხვაობა (30.8%) ორ უწყებაში – ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – ინფრასტრუქტურის სამინისტროში (6.7%) (იხილეთ დიაგრამა 1 და 2).”-აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
{{PHOTOGALLERY}}