ელენე ხოშტარიამ და ნოდარ რუხაძემ სასამართლო დარბაზი დატოვეს

,,ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ და ,,სირცხვილიას” აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ სასამართლო დარბაზი დატოვეს. ისინი 31 დეკემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ. 

,,თქვენ კი არ მაძევებთ დარბაზიდან, მე ვტოვებ პროცესს პროტესტის ნიშნად”,- განაცხადა ნოდარ რუხაძემ მას შემდეგ, რაც მოსამართლე ივანე აღნიაშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვება მოსთხოვა.  

ხოშტარია შსს წარმომადგენლის ჩვენებამ გააღიზიანა. ,,ნერვები მეშლება, არ გრცხვენიათ? იქ ვიყავი, რაებს ლაპარაკობთ? იმის იმედი მაქვს, იქნებ მოსამართლე მაინც გამოდგეს ნორმალური”,- მიმართა ელენე ხოშტარიამ და პროცესი დატოვა.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები: ბექა კოკაია, გიორგი მუმლაძე, ზურაბ ბერძენიშვილი და ზურაბ მჟავანაძე 31 დეკემბერს დააკავეს. ისინი პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავის  კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას ითვალისწინებს.