ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში გარკვეულ მონაკვეთზე ისევ იმოძრავებს

რამდენიმედღიანი შიმშილობის შემდეგ ელექტრომობილების მძღოლებთან შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები დღეს აჭარის მთავრობის სახლში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, მოძრაობის ნებართვა ელექტრომობილების მძღოლებს დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის ჩათვლით მიეცათ. ელექტრომობილების მძღოლების თქმით, ეს ტერიტორია  მათთვის მისაღებია.

ელექტრომობილების გადაადგილება დღეიდან მხოლოდ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე აიკრძალება.

ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრომობილების ბულვარში მოძრაობის  აკრძალვას საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებითა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნით ხსნიდა. 

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა რამდენიმე დღის წინ ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.