სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს “ყაზტრანსგაზის” მფარველობაში ადანაშაულებს და თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზით მომხდარ ტრაგედიებზე ახსნა-განმარტებებს მოითხოვს. ამ შინაარსის კამათი და დაპირისპირება კალაძესა და ელისაშვილს შორის დღეს, ქეთევან წამებულის გამზირზე, იმ ადგილას მოხდა, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო 7 ადამიანი გარდაიცვალა. “შენ მოუგვარე ყველაფერი, ჭკუას ნუ მასწავლით”,ასეთი ფრაზები ისმის ვიდეოდან, რომელიც დაპირისპირებას ასახავს.
“მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე, რომ ასე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი, რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? მაგის სინდისზეა და მაგის ნამუსზეა. “ყაზტრანსგაზი” არის მისი კომპანია. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რა არის. თბილისში რომ ხალხი იხოცება, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი და “ყაზტრანსგაზი,” რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და მაქაცარიასი, არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი”, განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.














