გაზეთ “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ელისო კილაძემ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს გამოძიების კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის განცხადებით, მას შეკითხვები პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბთან და იმ ჩანაწერთან დაკავშირებით დაუსვეს, რომელიც მან გამოძიებას ორი წლის წინ მიაწოდა, და რომელშიც კილაძის თქმით, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური, ულაის ახმადოვი ამბობს, რომ კუდ-ის მაღალჩინოსანმა, გია დგებუაძემ მეტსახელად, მასტერამ მას პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა. კილაძის თქმითვე, გამოძიებას აქვს აუდიოჩანაწერიც, რომელშიც დგებუაძე და ახმედოვი საუბრობენ.














