2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ზუგდიდის 207-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას დღეს ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურის ხიდის გავლით გადმოსული 9 აბიტურიენტი აბარებს. ინფორმაციას ამის შესახებ edu.aris.ge ავრცელებს.
27 ივნისს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო, აბიტურიენტეთა ნაწილმა ეროვნულ გამოცდების გუშინდელ სესიაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა.
განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ამის მიუხედავად აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემდნენ, მონაწილეობა მიეღოთ სხვა გამოცდებზე.
წელს გამოცდებზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 150-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ისინი ოკუპირებულ გალში 27 ივნისს სასკოლო ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდნენ. სწორედ 27 ივნისის საღამოს ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.