ენგურზე, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო დაზარალებული აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. საზღვრის   ჩაკეტვის გამო,  ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლეს, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამის შესახებ  განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა. სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება

აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს პირველად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სკოლისშემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის, რომლის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 100-ზე მეტი ახალგაზრდისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სასწავლო თუ საცხოვრებელი ხარჯების სრულ დაფინანსებას, როგორც მომზადების პერიოდში, ასევე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შემდეგ. აღნიშნული პროგრამა მომავალ სასწავლო წელსაც გაგრძელდება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.