,,საქართაშორის გამჭვირვალობა- საქართველოს” (TI) ინფორმაციით, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის შვილების, ძმისა და ბიძის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2010-2019 წლებში 2 312 278 ლარი მიიღეს.
მკოიანების კომპანიებთან საწვავის შესყიდვაზე 674 სახელმწიფო შესყიდვა გაფორმდა, მათ შორის 665 პირდაპირი წესით.
,,თავად ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული ბიუროსთვის საწვავს მხოლოდ ოჯახის კომპანიიდან ყიდულობს – ოთხ წელში გაფორმებული 34 პირდაპირი შესყიდვით, ბიურომ შპს-ს 78 339 ლარი გადაურიცხა. აქედან 49 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები დეპუტატმა კომპანიის დირექტორთან, საკუთარ ბიძასთან პირადად გააფორმა”,- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
TI-ს ინფორმაციით, 2016 წლიდან, მას შემდეგ რაც ენზელ მკოიანი ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა, მისი კონკურენტი კომპანია „ოცნება-2014“, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული, შესყიდვებიდან გაქრა.
ენზელ მკოიანის ძმა და ბიძა, მარტუნ და ნორაირ მკოიანები ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მსხვილი შემწირველები არიან. მათ ,,ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში ყოფნის დროს 115 000 ლარი შესწირეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ კი ჯამში 213 000 ლარით მისი შემწირველები გახდნენ.
ენზელ მკოიანი 20 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ოთხჯერ ნინოწმინდის, მეხუთედ კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.