სამედიცინო საქმიანობის განხორციელების დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი გახდება.
საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ წარუდგინა.
აღნიშნული ინიციატივის მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, პატივისა და ღირსების შელახვა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.
ამ დრომდე, ძალადობის შემთხვევაში, სასამართლოსა და ძალოვანი უწყების მიერ, საკითხი სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ დარღვევათა და სხვა შესაბამისი კანონებით განიხილებოდა, ახალი ინიციატივის თანახმად კი, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.
საკანონმდებლო ცვლილება სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის დაცულობის ქმედითი მექანიზმების შემოღებას ისახავს მიზნად,ასევე ძალადობის პრევენციასა და სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას.