ექიმს რომელმაც პაციენტს ქიმიოთერაპია შემთხვევით დაუნიშნა უფლებამოსილება შეუჩერდა

პაციენტი გიორგი წიკლაური “პირველი არხის” გადაცემაში მიიწვიეს. გადაცემის თემა ექიმების მიერ დაშვებული შეცდომები იყო.  გიორგი წიკლაური კლინიკაში მაღალი სიცხით შევიდა.  როგორც თავად ყვება მას სისხლის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და  ლეიკემიის მკურნალობა ქიმიოთერაპიით დაუნიშნეს. გიორგიმ დიაგნოზი არ დაიჯერა და  კლინიკა გამოიცვალა თუმცა დიაგნოზი ისევ იგივე დარჩა.  ექიმები მას ქიმიოთერაპიის დაწყებას დაუყოვნებლივ სთხოვდნენ თუმცა გიორგი წიკლაურმა და მისმა ოჯახმა თურქეთში გამგზავრება გადაწყვიტა.  თურქეთში ჩასულ გიორგი წიკლაურს უცხოელმა ექიმებმა უთხრეს რომ მას არ ჰქონდა ლეიკემია და მას არ სჭირდებოდა არანაირი ქიმიოთერაპიის კურსი. 

“ექიმი ამდენ დროს არ მაძლევდა, მეუბნებოდა , რომ თუ სასწრაფოდ ქიმიოთერაპიას არ დავიწყებდი, შეიძლება ყველაფერი ფატალურად დამთავრებულიყო. 10 დღე მეგონა, რომ ლეიკემია მჭირდა” – გიორგი წიკლაური

“ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება მკაცრი რეგულაციები. ჩემ შემთხვევაში, ორჯერ ორი ოთხი იყო. კლინიკას ადგილზე არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა, ექიმი პროფესიონალურად ვერ მოქმედებდა და ერთადერთი, რაც მას ჰქონდა, ამპარტავნება იყო. ამან გამოიწვია ის, რომ ყველაფერი შეიძლებოდა, ფატალურად დასრულებულიყო. იმიტომ კი არა, რომ მე კონკრეტული დაავადება მჭირდა, არამედ იმიტომ, რომ პრობლემა იყო ბევრ ეტაპზე. პრობლემა ჰქონდა კლინიკას, პრობლემა ჰქონდა ექიმს და პრობლემა აქვს სახელწიფოს. თუ ყველა ეს პრობლემა ერთად არ მოგვარდა, ვფიქრობ, იგივე შემთხვევები განმეორდება, რაც ჩვენ ქვეყანაში ბოლო დროს, რატომღაც, უამრავია“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა გადაცემაში.

„საქართველოში მკურნალობის ეტაპი ორ კლინიკაში გავიარე. პირველად მაშინ, როცა მაღალმა სიცხემ შემაწუხა. სასწრაფომ ინგოროყვას კლინიკაში მიმიყვანა, სადაც ძირითადი გამოკვლევები ჩაატარეს და ეჭვი სისხლის დაავადებაზე მიიტანეს. მითხრეს, რომ ჰემატოლოგიურ კლინიკაში უნდა გადავეყვანე. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან არც ვიცოდი, ჰემატოლოგია რას შეისწავლიდა. გადამიყვანეს დიღომში არსებულ კლინიკა „ნეომედში“, სადაც მკურნალობა წარიმართა. იმ მომენტში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

„ეჭვი მიიტანეს ლეიკემიაზე, შემდეგ ეს დიაგნოზი დაადასტურეს და დაწერეს. ამ დიაგნოზის დამადასტურებელი უამრავი ფორმა 100 მაქვს, სხვადასხვა დღეს დაწერილი და ბეჭედდასმული. ანალიზების გადაგზავნა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ეს ძალიან დიდ პერიოდს მოიცავდა, ექიმი კი ამდენ დროს არ მაძლევდა და მეუბნებოდა, თუ ქიმიოთერაპიას დროულად არ დავიწყებთ, შეიძლება, ყველაფერი ცუდად განვითარდეს და ფატალურად დამთავრდესო. ჩემი თანამშრომლების მხრიდან შეთავაზების შემდეგ, ჩემმა ოჯახმა უცხოეთში კლინიკის ძიება დაიწყო და ყველაზე ახლო კლინიკა მოვიძიეთ თურქეთში, სადაც ჩემი გადაყვანა კლინიკა „ნეომედში“ დაწოლიდან მეთერთმეტე დღეს მოხდა. იქ ხელახლა ჩამიტარეს გამოკვლევა და ფაქტობრივად, მესამე დღეს მითხრეს, რომ საქართველოში დასმული დიაგნოზი ახლოსაც არ იყო იმ დაავადებასთან, რაც მქონდა. ლეიკემიის სიმპტომები ფაქტობრივად, ნული იყო“, – ამბობს წიკლაური

გადაცემას სტუმრობდა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საკითხი შეისწავლეს და ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდათ, მათ შორის ერთს ორი თვით და მას ასევე გადამზადების კურსის გავლა დაევალა.