სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა დადო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნამდვილობასთან დაკავშირებით იმ დოკუმენტზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი2–ის მფლობელი სინამდვილეში ის არის და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური პირია. ექსპერტიზის დასკვნით ხელმოწერა შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ.
„გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.
აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:
ასო „შ“ -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.
– მოძრაობის ფორმა ასო „ქ“-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.
– მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ“-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,“-ნათქვამია დოკუმენტში.
ქართველ ექსპერტებს ეჭვი შეაქვთ გერმანელი ექსპერტების დასკვნაში, რომლებმაც დაადგინეს, რომ ხელმოწერა ნამდვილად ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.
ამ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველო.“ ისინი სამხარაულის ბიუროს დასკვნას უნდობლობას უცხადებენ.