სხვადასხვა ბიზნესის მფლობელი, ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას დედა ამბობს, რომ სამკერვალო ქარხანა დახურა, რის შედეგადაც 250 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. ამის მიზეზად ლაურა ღაჭავა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ასახელებს.
“ახლა მოდაში კალაძე, ბაგრატიონი და სხვები არიან, ნაცვლად იმისა, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქალ ბიზნესმენს ხელი შეუწყონ, პირიქით ხდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც დაახლოებით 12 მილიონი სესხი მაქვს აღებული სწორედ ამ ქარხნის გამო და 3.5 მილიონი კიდევ გადასახდელი მაქვს თიბისი ბანკისთვის, ახლა კი ჰაერში ვარ”, აცხადებს ლაურა ღაჭავა.
მისივე თქმით, “მონკლერი” მისი ყველაზე მსხვილი დამკვეთი იყო, სხვა კონტრაქტები კი ხარჯებსაც ვერ ფარავდა. უწევდა მკერავების ტრანსპორტირების, კვების, დაზღვევის უზრუნველყოფა- “7 წელია, ქარხანა მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში ინვესტიცია მუდმივად უკან ბრუნდებოდა”.
ღაჭავას თქმით, ამ ფაქტის გამო გაოგნებულები არიან მისი პარტნიორებიც, მათ შორის გერმანელი და პოლონელი დამკვეთები, რომლებისგან ახალი შეკვეთის მიღებას ელოდა, თუმცა მათ საქართველოში ვიზიტი გადადეს, რასაც თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.
“ახალ მინისტრთან შეხვედრა არ მქონია, რა აზრი აქვს. ვფიქრობ და სამწუხაროდ გამოსავალს ვერ ვპოულობ”, ამბობს ლაურა ღაჭავა.
წყარო – gbc.ge