ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს

თბილისის საკრებულომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა. მიზეზად, კუხიანიძის ის განცხადება გახდა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

მანამდე კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობამ ფრაქცია „ქართული ოცნება” დაატოვებინა. კუხიანიძე სხდომაზე ქალიშვილთან, მარიამ კუხიანიძესთან ერთად მივიდა და დარბაზი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მალევე დატოვა. ამის შემდეგ კი მედიასთან განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას არ აპირებს, რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილებას, მისი თქმით, ეს ძალიან მძიმეა.

„ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე. ვფიქრობ, მეგობრები უნდა დავიცვათ ზოგადად, მაგრამ მათ არ განვსჯი. ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩემი მეგობრები, ყოფილი თანაგუნდელები როგორც მოიქცნენ, ისე მოიქცნენ. მანდატს არ დავტოვებ, რადგან ვარ ხალხის მიერ არჩეული, მაქვს ჩემი საქმე, ბევრი რაღაც არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი. ამიტომ, მჭირდება ტრიბუნა, მჭირდება ისეთი გარემო, რომ საქმე ვაკეთო“, – განაცხადა კუხიანიძემ.

შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ოკუპანტების მეირ დატყვევებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი  განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.