ეროვნული ბანკი ხვალ, 1-ელ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.
ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას,“-აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.