ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი პასუხობს.

მისი თქმით „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %.

„საქმის დეტალებში ვერ შევალ, რადგან საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი. დოუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „პროგრესბანკი“ „თიბისი ბანკს“ არ შეუძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან“.