„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და განაგრძოს სავალუტო ინტერვენციები. ამის შესახებ სოსო ფხაკაძე განცხადებას ავრცელებს.
ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება შემაშფოთებელია, მაშინ როდესაც მისი თქმით, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებენ სავალუტო კურსის ასეთ დინამიკას.
“ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს არანაირად არ ასახავს სინამდვილეში არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. ამას გარდა, ვფიქრობთ ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამის პარალელურად, მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აკრძალვა გადაიზრდებოდა სავაჭრო ემბარგოში, საბედნიეროდ არ გამართლდა. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს: როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ტურისტული ნაკადების მატება. ამ ყველაფრის ფონზე, ცალსახაა, რომ დღეისათვის შიდა სავალუტო ბაზარზე მოქმედ ლარის გაცვლით კურსში დევს “მოლოდინების პრემია” რაც განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მთელი რიგი ნეგატიური მოლოდინებით. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის გაცვლითი კურსის რეჟიმი არსებობს ქვეყანაში, ცენტრალური ბანკი, ბუნებრივია, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია უცხოური ვალუტის მიმართ,”-ნათქვამია ფხაკაძის განცხადებაში.